„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. როგორც “ფორტუნას” მენეჯმენტიდან აცნობეს, UNWTO – გაეროს სპეციალიზირებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს , განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.
„ბალნეოკურორტი წყალტუბოსათვის“ ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთო გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობით კურორტის პოპულარიზაციას მოვახდენთ საერთაშორისო ასპარეზზე”, – აცხადებს “ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.
მისი თქმით, UNWTO არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ბიბილაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად.
“ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ დიდი გეგმები აქვთ.
“წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ ადგილობრივი კერძო კომპანიების აქტივობებით, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ, და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით დროთაგანმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც შეიქმნას “ – აცხადებს სალომე ბიბილაშვილი.
წყარო: Fortuna.ge