წყალტუბო საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კურორტია, რომლის ტურისტული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია, სადაც წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი და უსუნო წყალი ბუნებრივად მოედინება. ამჟამად საკურორტო ზონის განახლება მიმდინარეობს, ადგილზე სამედიცინო და სპატურიზმის განვითარების მიზნით.
კურორტის მთავარ ტურისტულ ატრაქციას სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ წარმოადგენს. კომპლექსი 1892 წლიდან მასპინძლობს უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს, რომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილება აქვს და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.
სულ ახლახან, ბალნეოკურორტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპლექსის მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი, სალომე ბიბილაშვილი გვესაუბრა.
„ბალნეოკურორტი წყალტუბოსთვის არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობითა და სამომავლოდ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებით, შევძლებთ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალურობის წარმოჩენას და პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, სამედიცინო ტურიზმის, თერმული სამკურნალო წყლების ნიშაში მყარ პოზიციონირებას“, − აცხადებს „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.
სალომე ბიბილაშვილი ასევე დასძენს, რომ „UNWTO წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, ის ცდილობს უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპლექსის სტანდარტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად. აქვე, ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისთვის. წინ დიდი გეგმები გვაქვს. წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ ადგილობრივი კერძო კომპანიების (ისეთივე, როგორიც ჩვენ ვართ) აქტივობებით და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით, დროთა განმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და შეიქმნას მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც“.
კურორტმა დიდი ხნია დაადასტურა მისი სასწაულმოქმედი გამაჯანსაღებელი ეფექტი. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს, სადაც წარმოდგენილია მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ (25-30 აბაზანის მიღების შემდეგ) დატოვებული დამხმარე საშუალებები.
აქ იკურნება არაერთი დაავადება, მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებები.
#spendyoursummeringeorgia
წყარო: Entrepreneur